“2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ დღეს 6 წელი გავიდა, რაც დაარსდა პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. როგორც მან აღნიშნა, შემდგომ, არჩევნებში გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.
“დღეს განსაკუთრებული დღეა – 6 წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს, 2012 წლის 21 აპრილს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაარსდა ჩვენი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. საქართველოსთვის გადამწყვეტ ეტაპზე, ერთადერთი და ყველაზე ძლიერი იარაღით – მხოლოდ სიმართლით და ხალხის გვერდში დგომით, დაიწყო უკომპრომისო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, 1 ოქტომბერს, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამ გამარჯვებამ გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საქმეში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.