„სუხიშვილები“, „ივერია“და ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავები, რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ (ვიდეო)

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ ორგანიზებით, 26 აპრილს 20 :00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად, რომელსაც გაფანტული სკლეროზი (რემისიულ – რეციდიული მიმდინარეობა, G 35 რემისიის ფაზა) დაუდგინდა, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, „კვირას“ პრესკლუბში საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ წარმომადგენლებმა და ანსამბლ „ივერიის“ სოლისტებმა, პრესკონფერენცია გამართეს.
აღსანიშნავია, რომ რუსუდან კვირიკაშვილი „ივერიის“ წევრის, მუსიკოს ოთარ ყუფუნიას მეუღლეა.
როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, საქველმოქმედო კონცერტის წამყვანები მსახიობი ლევან ხურცია და ჟურნალისტი ნინო თოლორდავა იქნებიან.
ხოლო კონცერტში, სრულიად უსასყიდლოდ, მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ივერია“ „ქუჩის მუსიკოსები“, ანსამბლი „სუხიშვილები“ , „იუმორინა“ , თემურ თათარაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, ზურა დოიჯაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ნოდარ ტატიშვილი, რომა რცხილაძე, თემურ რცხილაძე, სალომე ბაკურაძე, რატი დურგლიშვილი და სხვები… ღონისძიების იდეის ავტორი ქართველი მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილია, ხოლო რეჟისორი ჯემალ ბაღაშვილი.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება რუსუდან კვირიკაშვილის მკურნალობას, რომელსაც 200 000 ლარი ესაჭიროება.
როგორ პრესკონფერენციაზე ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ დამფუძნებელმა ნიკა ესაკიამ განაცხადა, ბილეთი 15-დან 50 ლარამდე ეღირება.
„რუსუდან კვირიკაშვილის დასახმარებლად, ქართული ესტრადის ვარსკვლავები გაერთიანდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესტრადის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ანსამბლი „ივერია“ და ანსამბლი „სუხიშვილები მონაწილეობენ ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში. იდეის ავტორია თემურ ყვითელაშვილი და მსურს, ფონდის სახელით მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდშია. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჯემალ ბაღაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან არსებული საქველმოქმედო ფონდები ძირითადად 21 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხმარებიან, ხოლო 21 წლის ზემოთ, არის პრობლემა. ჩვენ ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება და ჩვენი ფონდის სახელი გავამართლოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ. ამასთან, მინდა საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას ვთხოვო, რომ დაგვეხმარონ ამ ღონისძიების კარგად ჩატარებაში, სამწუხაროდ იჯარის თანხის გადახდაც ჩვენ გვიწევს და წარმოვიდგინოთ, თუ ბილეთებიდან შემოსულ თანხას იჯარის საფასურს მოვაკლებთ, რეალურად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ვიმედოვნებ, ძალიან ბევრი კომპანია გვერდში დაგვიდგება.“, – განაცხადა ნიკა ესაკიამ.
საზოგადოებას რუსუდან კვირიკაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილიც.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მუსიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ კონცერტს ბევრი ადამიანი დაესწრება და თავის წვლილს შეიტანს რუსუდან კვირიკაშვილის დახმარებაში.
„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანმა მოკრძალებული წვლილი უნდა შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში, მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო და მიიღებს საქველმოქმედო ღონისძიებაში. ბატონი ოთარი ჩემი მეგობარია, შესანიშნავი მუსიკოსია, ეს ოჯახი ძალიან გვიყვარს ყველას, სამწუხაროა, რომ ქალბატონი რუსუდანი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ცხოვრება ისეა მოწყობილი, არავინ არის ასეთი მდგომარეობისგან დაზღვეული, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ქალბატონ რუსუდანს, – მობრძანდეთ კონცერტზე და ძალიან კარგ ადამიანს დავეხმაროთ. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მონაწილეს, საქველმოქმედო ფონდს, მადლობა გადავუხადო ამ კეთილშობილურ საქმეში თავისი წვლილის შეტანისთვის, ცხოვრება ნამდვილად მშვენიერია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალბატონი რუსუდანი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას“, – აღნიშნა თემურ ყვითელაშვილმა.
როგორც მუსიკოსი ოთარ ყუფუნია ამბობს, მისი მეუღლის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ფეხზე გავლას ვეღარ ახერხებს.
„საავადმყოფოში მყავდა, უკვე ვეღარ დადის და სახლში ვუვლით, მხოლოდ ერთი პრეპარატი, რომელიც 6-თვიანი კურსისთვის სჭირდება, 55 ათას ლარამდე ჯდება. მინდა, რომ საფრანგეთში წავიყვანო, იქ არის ამ პროფილის ყველაზე ძლიერი კლინიკა“, – აღნიშნა ოთარ ყუფუნიამ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას უკეთებს ორგანიზებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები