ზესტაფონში სასკოლო ოლიმპიადა „ეკოლოგიკის“ პირველი ეტაპის შეჯიბრი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

0

ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა „ეკოლოგიკის“ პირველი ეტაპის პირველი ნაწილის პირველი შეჯიბრი გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სულ 26 სკოლა მონაწილეობდა. გუშინ ერთმანეთს პირველობის გამოსავლენად 5 სკოლა შეხვდა და მათგან ანაბასისის სკოლამ გაიმარჯვა.
პროექტი „ეკოლოგიკა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით ჭიათურასა და ზესტაფონში  ტარდება, ინტელექტუალურ-გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ორივე რეგიონის 60 სკოლას აერთიანებს.
პროექტი ხორციელდება ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების 8-11 კლასის მოსწავლეებისთვის და ორი თვის პერიოდს მოიცავს.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან:
პირველ ეტაპზე – ინტელექტუალურ თამაშში მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.
პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით).
ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზი“ რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.
„პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ორი რაიონის ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.
პროექტი „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“.
მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
პროექტი 15 ივნისამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი