ვახტანგ გომელაური: აფგან მუხთარლის თემა სუს-ის ანგარიშში არ მოხვდა, რადგან გამოძიება მიმდინარეობს

0

აფგან მუხთარლის თემა სუს-ის ანგარიშში იქიდან გამომდინარე არ მოხვდა, რომ გამოძიება არის დაწყებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ დადასტურებული არ არის, რომ მუხთარლი ნამდვილად საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს.
„ეს ფაქტი, რაც მოხდა, სამწუხარო, ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, პირადად, რა თქმა უნდა, ჩვენი სამსახურისთვის. თუ დადასტურდება, რომ ეს ადამიანი ნამდვილად აქედან გაიტაცეს, რომელმა სამსახურმა, ამას დავანებოთ თავი, იმ ქვეყნის, ამ ქვეყნის თუ ა.შ., ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრდაზვერვის პრობლემაა. ხოლო თუ, როგორც აზერბაიჯანული ოფიციალური მხარე ადასტურებს, ეს ადამიანი საზღვარზე იქნა დაკავებული, ეს მეორე თემაა და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტყუილად მოხდა კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის დროებით გათავისუფლება და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის გათავისუფლება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, თუმცა ამას მაღალჩინოსნის გადაყენება ან რიგითი თანამშრომლის გათავისუფლება არ მოჰყოლია.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი რაღაც მოხდა გერმანიაშიც, თუმცა არც ერთი ადამიანი არ გადაუყენებიათ და არც ერთი რიგითი არ გაუთავისუფლებიათ. ვიეტნამის მოქალაქე ოპოზიციონერი მოიტაცეს, აღმოჩნდა ვიეტნამში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. იქ არაფერი მომხდარა, არავის ხმა არ ამოუღია. მე არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგია და ვთქვათ, არაფერია მუხთარლის თემა იმასთან შედარებით. თქვენ იცით, რომ საფრანგეთში მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მანქანაში ჩაცხრილვა და მეუღლე დაეღუპა. იქაც არ აწეულა თემა, რომ გადაეყენებინათ საფრანგეთის შს მინისტრი ან კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია მუხთარლის თემა და დაველოდოთ გამოძიებას, რა გამოიკვეთება – აქედან მოხდა გატაცება, ნამდვილად საზღვარზე დააკავეს, თუ რა მოხდა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი ბრალეულობაა, რატომ ყურადღება არ მიექცა“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე – ხომ არ გვიანდება აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ისეთი საქმეებიც, რომელთა გამოძიება ვერ სრულდება.
„არის გამოძიება, რომელიც ხუთი წელი გრძელდება, არის გამოძიება, რომელიც ვერ მთავრდება. ეს ხდება არამარტო ამ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. არის თაროზე შემოდებული საქმეები, რომლებიც დაწყებულია ვთქვათ ზვიად გამსახურდიას დროს და ვერ მთავრდება, არის ბატონ შევარდნაძის დროს დაწყებული, ბატონ სააკაშვილის დროს დაწყებული და ვერ მთავრდება. ალბათ ჩვენ დროსაც დაწყებული რაღაც შემოიდება თაროზე და ვერ დამთავრდება. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ახალი ჩვენ არ გამოგვიგონია“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი