კახა კალაძე: ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობაზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც დედაქალაქის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობაზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რაც დედაქალაქის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ესტაკადა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე არ გაივლის.
„პროექტი განხორციელდება, ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რაც არის დიდი სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საბედნიეროდ, არის უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია და ჰქონდეთ წვდომა იმ პროექტთან დაკავშირებით, რა პროექტის განხორციელებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა გუშინ დაიწყო. მშენებლობას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება და 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები