ნიუ-იორკში საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
ნიუ-იორკში საქართველო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო ამ პოზიციაზე 2019-2021 წლების ვადით არის არჩეული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მხრივ ბევრი პრობლემაა, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყანა ბევრ ნაბიჯს დგამს.
„16 აპრილს, ნიუ-იორკში საქართველო აირჩიეს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი. საქართველოსთვის პირველად გახდა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმ მიღწევების დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქალთა და გოგონათა გაძლიერების კუთხით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვრჩება, ნათელია რომ სახელმწიფო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. თანასწორი გარემოს შესაქმნელად; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლის გასაზრდელად და სხვა მიმართულებებით. საქართველოს აქვს ქალთა და გოგონათა უფლებებზე მუშაობისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმები, რომლების საქმიანობა სულ უფრო ეფექტური ხდება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა ძალიან დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში.
დარწმუნებული ვარ წევრობის სამ წლიან პერიოდში საქართველო შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევს და სხვა ქვეყნებსაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.