კახიშვილი პარლამენტს ინიციატივით მიმართავს – „ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები“

„ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები“ – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, მინისტრი პარლამენტში ახალი ინიციატივით შესვლას გეგმავს.
კახა კახიშვილის ინიციატივა ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულების მიერ ციხიდან ოჯახის წევრებთან განხორციელებული სატელეფონო ზარების მონიტორინგს ეხება.
„არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერებია დასახვეწი, არამედ სატალეფონო ზარების საკითხიც… ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენთან წერენ განცხადებას ქალბატონები, ყოფილი და მოქმედი მეუღლეების თაობაზე, რომ რამენაირად გაკონტროლდეს ამ ადამიანების მხრიდან არასასურველი სატელეფონო ზარები. ამის დარეგულირების სამართლებრივი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
 
მისივე განმარტებით, თუ ამ კუთხით სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, შესაძლებელი გახდება არასასურველი სატელეფონო ზარების შეზღუდვა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქალბატონები. ჩვენ ვხედავთ რამდენად მძიმე ვითარებაა ამ კუთხით. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს რისკების შეფასებაზე, პრევენციაზე და რა თქმა უნდა, ეს მექანიზმები უნდა იყოს დახვეწილი, რაც ყოველმხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს ოჯახური ძალადობის პრევენციას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები