ბრიტანული ინკლუზიური კომპანიის Candoco წარმომადგენლები თბილისში ტრენინგების მეორე სერიას ჩაატარებენ

ბრიტანეთის საბჭოს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში, 18-დან 20 აპრილის ჩათვლით, მარჯანიშვილის თეატრში, ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco-ს წარმომადგენლები ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ქართველ მოცეკვავეებს ჩაუტარებენ სამდღიან ტრენინგს სახელწოდებით Dance Lab2, ეს არის Dance Lab -ის მეორე ტრენინგი. პირველი – Dance Lab2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდა.
Dance Lab ტარდება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,კულტურა და განვითარება: შეუზღუდავი შესაძლებლობები’’ფარგლებში, რომლის პარტნიორი საქართველოში არის მარჯანიშვილის სახელობის თეატრი.
პროგრამის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის და ამ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელის შეწყობა.
„ჩვენი მიზანია ამ ტრენინგებზე საშუალება მივცეთ როგორც შშმ, ისე ტიპიური განვითარების მოცეკვავეებს განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი, ქორეოგრაფიული და საშემსრულებლო უნარები, ითანამშრომლონ ინტეგრირებულ გარემოში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, გამოსცადონ იდეები და კენდუკოს მაგალითზე გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას ინკლუზიური ხელოვნების თვალსაზრისით. ამაში მათ ჯემაიმა ჰოდლი და უელი ობრაიენი დაეხმარებიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისინი ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემენ ერთად იმუშაონ, გასწიონ შემოქმედებითი რისკი და განავითარონ საკუთარი, ინდივიდუალური სტილი და მიდგომა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრიტანელ ტრენერებს, ტრენინგების დაგეგმვასა და წარმართვაში, ასისტირებას კვლავ უწევს პროფესიონალი ქართველი მოცეკვავე ქეთევან ზაზანაშვილი, რომელსაც ბრიტანეთის საბჭომ შესაძლებლობა მისცა პროფესიული უნარები განევითარებინა ბრიტანეთში, ინკლუზიურ კომპანია Stopgap-ში. ამას გარდა, ქეთიმ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებს კიევსა და მანჩესტერში.
ინფორმაციისთვის, 14 აპრილს თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე გაიმართა თბილისის ინკლუზიური ცეკვის კომპანიის შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული წარმოდგენა, რომელიც ქეთი ზაზანაშვილმა შექმნა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ინკლუზიური ქორეოგრაფიული კომპანიაც და თავად წარმოდგენაც ქეთი ზაზანაშვილმა სწორედ ბრიტანეთის საბჭოს ინკლუზიური ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის – ,,კულტურა და განვითარება: შეუზღუდავი შესაძლებლობები’’ – ფარგლებში ჩატარებული ცეკვის ტრენიგებისა და სასწავლო ვიზიტების შედეგად მიღებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე შექმნა.
ბრიტანული ქორეოგრაფიული დასის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული ტრენინგები მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც ახლად შექმნილ ქართულ ინკლუზიურ დასს, ისე ინკლუზიური ცეკვით დაინტერესებულ ყველა მონაწილეს გაიცნონ კოლეგები და განახორციელონ მომავალი თანამშრომლობა“, -აცხადებენ ორგანიზატორები.

®

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები