აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი და სირია დოუმაზე ქიმიური შეტევის სამხილებს ანადგურებს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ინსპექტორების შესვლას ხელოვნურად აფერხებს იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ ქიმიური შეტევა განხორციელდა. ამერიკული მხარის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთი და სირია ქიმიური შეტევის დამადასტურებელი სამხილების განადგურებით არიან დაკავებულები.
რუსეთმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ინსპექტორების შეფერხება, აშშ-ის მიერ, სირიაზე საჰაერო შეტევის გამო მოხდა.
სირიამ და რუსეთმა მაშინვე კატეგორიულად უარყვეს მათი მონაწილეობა ქალაქ დოუმაზე მომხდარ ქიმიურ შეტევაში.
ინციდენტის გამოსაძიებლად „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ საერთაშორისო ინსპექტორები სირიაში გასულ კვირას ჩავიდნენ, თუმცა მათ დოუმაში შეღწევა ამ დრომდე ვერ შეძლეს. ამჟამად, ქალაქი მთავრობის ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას წარმოადგენს.