რიმა ბერაძე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე თბილისის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, ჩუღურეთის რაიონში მდებარე პაატა სააკაძის 19 ნომერში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამ მისამართზე იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც კორპუსის ავარიულობის გამო, შენობის მონაცვლეობას და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვენ.

საკითხზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ჩატარდა აღწერითი სამუშაოები. ამჟამად, მიმდინარეობს სიების დაზუსტებისა და მიწების შეფასების პროცედურები. დღევანდელ შეხვედრაზე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებმა დასკვნები წარმოადგინეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

„პრობლემა მასშტაბურია და ჩვენი მხრიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. დღეს, საქალაქო სამსახურების უფროსების მოსაზრებები და დასკვნები მოვისმინეთ და ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე შევძლებთ ამ ადამიანების უსაფრთხო შენობაში გადაყვანას”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

შეხვედრის ბოლოს სამუშაოების ვადები განისაზღვრა, რომელთა დასრულების შემდეგაც, სატენდერო წინადადებები შემუშავდება.

შეხვედრას სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ზედამხედველობის სამსახურისა და ჩუღურეთის რაიონის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები