ნანა ჩაჩუა: კარგად უნდა იყოს შესწავლილი, არის თუ არა მსჯავრდებული შესაწყალებელი

ბარნოვის ქუჩაზე ორი დღის წინ მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საზოგადოება შეძრა.
წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ვეფხია ბაქრაძემ მის 25 წლის გერს, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს ვეფხია ბაქრაძე სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 276-ე (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა.
უნდა იწყალებდეს თუ არა პრეზიდენტი მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ მსჯავრდებულებს?
„პირველი“ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას გაესაუბრა. მისი თქმით, შეწყალება უკეთილშობილესი აქტია, თუმცა ეს ფსიქოლოგთა ჯგუფისა და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს.
„შეწყალება- ეს არის უკეთილშობილესი აქტი, მაგრამ რამდენად არის შესაწყალებელი, ეს უნდა იყოს კარგად შესწავლილი. თუ რისკი არსებობს, მაშინ, ცხადია, თავის შეკავება აჯობებს. ამისათვის ფსიქოლოგები, ფსიქიატრებიც, ზოგადად, სპეციალისტები შეიძლება იყვნენ ჩართულები პროცესში. რაღაც კომისია უნდა არსებობდეს, რომლის დასკვნის შემდეგაც, შეიძლება მსჯავრდებულის ფსიქოტიპის გარკვეული დადგენა. ეს არ არის სრული გარანტია, მაგრამ ასეთ რისკებს შეამცირებდა“,-აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.
ცოტა ხნის წინ, ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალების საკითხზე, ბრიფინგი გამართა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული კითხვები ლეგიტიმურია. ამავე დროს, პრეზიდენტმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნებოდა შეწყალების კომისიის დადებითი გადაწყვეტილება:
„ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ საზოგადოებას. 2014 წლის აგვისტოში მან ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული, მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა საქმეს მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე. მაშინ კომისიამ მე მომმართა, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ შეწყალების კომისია, ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში, შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები