პარლამენტი სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვას იწყებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს პარლამენტმა განსახილველად მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძელზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტსა  და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილში უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“  საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმდინარე წლის 28 მარტს მიმართა. კანონპროექტის მომზადების პროცესში, ორგანიზაციამ შეისწავლა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა და კანონმდებლობა დასახელებული მიმართულებით, რის საფუძველზეც, მოხდა ინიცირებული წინადადების დასაბუთება. ორგანიზაციისთვის აღნიშნული მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. საკანონმდებლო წინადადება, პარლამენტის მხრიდან გაზიარების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 01 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები