Cambium Networks-ის მხარდაჭერით, “ჰოლიდეი ინნ“-ში საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის კონფერენცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 17 აპრილს, Cambium Networks-ის მხარდაჭერით, ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის კონფერენცია ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის, რეგიონალური ინტერნეტ-სერვისების მიმწოდებლების ინფორმირებას, ქართულ ბაზარზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ. საუბარი იქნება ასევე აპარატურის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის რეგიონალური ინტერნეტ-სერვის პროვაიდერების ტექნიკური პრობლემების მოგვარებას და ამ გზით რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების დეფიციტის აღმოფხვრას.

კონფერენციას დაესწრებიან ქვეყანაში მოქმედი, როგორც ინტერნეტ-სერვისების მიმწოდებელი, ასევე ინტეგრატორი კომპანიები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ კავშირგაბმულობის სფეროსთან და უშუალოდ იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლის რადიო-სარელეო და საბაზო ინფრასტრუქტურას.

ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სიხშირული რესურსების „დაუდევარი“ გამოყენება, რაც იწვევს ბაზარზე დაბალი ხარისხის სერვისების მიწოდებას და აფერხებს, როგორც სერვისების მიმწოდებელი კომპანიების განვითარების პერსპექტივას, ასევე ხელს უშლის სახელმწიფო უწყებების, ტელევიზიებისა და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირგაბმულობის სისტემების გამართულ მუშაობას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სპექტრის დაგეგმვის ჯგუფიდან  ზურაბ გუძუაძე, რომელიც ისაუბრებს ქვეყანაში თავისუფალ წვდომაში არსებული სიხშირული რესურსების „დაუდევარი“ გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე, არსებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ბაზარზე არსებულ კონკურენციის მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, რომელსაც ხვდებიან მცირე და საშუალო ინტერნეტ-კომპანიები.

“ღონისძიების მონაწილეები და მოწვეული სტუმრები ვცდილობთ, აქტიური როლი შევასრულოთ ამ სფეროში მომუშავე სუბიექტების ინფორმირებაში, რა ხერხებით, მოწყობილობებით და საშუალებებით არის შესაძლებელი საერთო რესურსის ოპტიმალური გამოყენება და ამ მექანიზმებით ჩვენი თანამემამულეებისთვის სრულყოფილი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება როგორც რეგიონებში ასევე დედაქალაქში”,- აცხადებენ ღონისძიების მონაწილეები.

კონფერენცის ორგანიზატორია უსადენო კავშირგაბმულობის სისტემების მწარმოებელი კომპანია Cambium Networks-ი და დისტრიბუტორი საქართველოში ციფრული ტექნოლოგიები.

კონფერენციის მიზანია რეგიონალური ინტერნეტსერვის მიმწოდებლების ხელშეწყობა, არსებული გამოწვევების და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური. საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტიდან ზურაბ გუძუაძე. “ქემბიუმ ნეთვორქსის” რეგიონალური ტექნიკური მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სებასტიან ოპიელა. შპს ციფრული ტექნოლოგიები, მმართველი დირექტორი – თეიმურაზ დოლიძე. შპს ციფრული ტექნოლოგიები, ტექნიკური მენეჯერი – ზვიად ლანჩავა.

კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები არიან: საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანიები, კავშირგაბმულობის სფეროში მოქმედი ინტეგრატორი კომპანიები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

კონფერენცია 17 აპრილს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, 09:30 საათზე დაიწყება (საკონფერენციო დარბაზი „აჭარა“).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები