ვეფხია ბაქრაძის შეწყალება ბარნოვზე მოკლული გოგოს დედამ ითხოვა – “გობაძეზე 10 დღით ადრე იქორწინა”

0

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილები: ლიკა და მარიამ ბაქრაძეები აცხადებენ, რომ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს ყოფილმა ცოლმა თავად მიმართა.
ოჯახის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძესა და ნათია გობაძეს, ბარნოვზე მოკლული გოგოს დედას, ერთმანეთთან ინტენსიური კავშირი ჰქონდათ, თუმცა გობაძე ამ ინფორმაციას მალავდა.
მათივე ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ ნათია გობაძესთან მკვლელობამდე დაახლოებით 10 დღით ადრე იქორწინა და ისინი ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ.
ბაქრაძის შვილების განცხადებით, მათ მამის დანაშაულში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა მათივე ვარაუდით, მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში მოხდა და მომხდარს წინ მათთვის უცნობი ფაქტი უძღვოდა.
ნათია გობაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა.
ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა.
„ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა შენი შვილისთვის გავაკეთებ-თქო. მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო? თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით, შემაწუხაო. იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“.
მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყოო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა, უარყოფითი პასუხი მომივიდაო“ – აცხადებს ნათია გობაძე.
თბილისში, ბარნოვის 77-ში, 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი