“განათლება და ეკონომიკური გაძლიერება ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას”

შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროს,  საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთს ეწვივნენ.   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იზაბელ დინგიზიანი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარტინა ქუიქი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.

სტუმრებმა კოლეჯის ტერიტორია, აუდიტორიები, სახელოსნოები და სასწავლო ნაკვეთები დაათვალიერეს, მოინახულეს მცირე ფერმები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც ქალი ფერმერები ხელმძღვანელობენ.

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ გასული წლების მანძილზე და განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ადგილობრივი ეკონომიკა სოფლად მცხოვრები ქალების მხრებზე დგას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალები აძლევენ ბიძგს იმ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც მდგრად განვითარებას განაპირობებს. გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობის მიზანია აღჭურვოს სოფლად მცხოვრები ქალები გადაწყვეტილების მიღებისა და მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. მხოლოდ გასულ წელს, 300-მდე ქალი, რომელმაც პროფესიული გადამზადება გაიარა, დასაქმდა სხვადასხვა ადგილობრივ ბიზნესში. ქალების მიერ შემუშავებული 41 ადგილობრივი პროექტიდან 22-მა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 14 ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო”, – აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა.

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში სტუმრობისას სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ მსჯელობა გაიმართა. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და საქართველოს წინსვლაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ვიზიტი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.

კაჭრეთში გატარებული დღე იზაბელ დინგიზიანის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები