ბარნოვზე მოკლულის დედა: მკვლელი იცინოდა, მითხრა, შენი შვილი უკვე მიწაშიაო

0

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა ნათია გობაძე ტრაგედიის დღეს დეტალურად იხსენებს.
როგორც ის ამბობს, შვილთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა, ამაოდ.
“მე და ჩემი შვილი დაახლოებით 4 საათისთვის დავშორდით ერთმანეთს, ის ბავშვების წამოსაყვანად უნდა წასულიყო ბაღში, მე კი ვაშლიჯვარში გამგზავნეს განცხადების დასაწერად. იქიდან რომ მოვდიოდი, დავურეკე, გული ცუდს მიგრძნობდა, დილით კარი ვერ დავკეტეთ, ეტყობა წინა საღამოს მოვიდა ვეფხვო და გარედან გააფუჭა სპეციალურად. თაკოს რომ ველაპარაკე, მითხრა, ახლა უნდა ავიდე სახლში დედაო, ექვსი საათი ხდებოდა, მერე კიდევ დავურეკე, უნდა მეთქვა, დამელოდე და ერთად ავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ მიპასუხა, ბევრჯერ ვცადე დაკავშირება, ბოლოს მკვლელმა მიპასუხა, იცინოდა, თაკოს ეძებო? შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, მაშინვე არ მიგრძვნია ბენზინის სუნი, ყველგან სისხლის გუბეები იდგა, ჩემი შვილის სისხლის სუნი იყო ყველგან. მერე გაიხსენეს ბავშვებმა სახლში რომ შევედით, ვეფხვო ძია წამალს ასხამდა ბოთლიდანო, დედამ კარებთან მისვლა მოახერხა, მაგრამ თმით მოქაჩა უკან და გარეთ არ გაუშვა, ვინმესთვის რომ მოესწრო დაძახებაო. ამ არაკაცმა ბავშვები საკუთარი დედის სისხლში ამომისვარა.” – განაცხადა “აიპრესთან” გარდაცვლილის დედამ, ნათია გობაძემ.

კომენტარები

კომენტარი