ალგეთში ღია კარის დღე გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების დაწყებამდე მათ ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.

სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებს ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ. ინსტრუქტორების დახმარებით მათ სტუმრებს ბრძოლის ველზე გადაადგილების, ასევე, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები წარუდგინეს.

საჩვენებელი სწავლების დროს დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალება რეკრუტების ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ.

ალგეთში ათკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) ამჟამად სხვადასხვა რეგიონიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 145 და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 350 სამხედრო მოსამსახურე გადის.

ღია კარის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, 2018 წელს სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში პირველ ეტაპზე გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და 26 მაისს ფიცის დადების შემდეგ, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ზაზა ფერაძის შვილები – დემეტრე და ანასტასია, მათი პედაგოგები და ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ სხვა მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები