„თუკი უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო რატომ უთხრა “უდოს” კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე“

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება.
დეპუტატი შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„25 წლის გოგო, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა!!! შეწყალება, ზოგადად, ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი, ესაა შეუწყნარებელი! კაცი სასჯელს იხდიდა “ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის”. თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა “უდოს” კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, არაერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ, – ექვსჯერ!!!“, – წერს გია ვოლსკი.
თბილისში, ბარნოვის 77-ში 25 წლის გოგონა 13 აპრილს, საღამოს მოკლეს. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები