თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი საჯარო სკოლებში – „ჩვენი ჯარი“ დაიწყო (ფოტოკოლაჟი)
დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ. თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის – „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.
„ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ლევან იზორიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მოზარდებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.