მამუკა მდინარაძე: გვექნება დამატებითი შეხვედრები უმრავლესობის ფორმატში და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება

„მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა პარტიული დისციპლინა იყო.
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, უხეშად არღვევს, თან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დამატებით შეხვედრები უმრავლესობის შიგნით პარტიულ, უმრავლესობის, ფრაქციის თუ სხვა ფორმატში და რამდენიმე დღეში, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მსჯელობაც აღარ იქნება საჭირო, იმიტომ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე. მათ ექნებათ სასაუბრო,ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რეალური საფუძველი რა არის ამის და ა.შ. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი იქნება გარკვეული და ეს გარკვევა მოხდება პარტიის, უმრავლესობის ფორმატში და იქნება შედეგი ის, რომ კიდევ ერთხელ,ვიმეორებ ,ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე”,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ არ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე სანქციების შესახებ იმსჯელეს.
” თქვენ იცით, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე საჯაროდ, რამდენიმე, სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომელიც არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის. არასწორია იმ მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ განცხადებებს. აქედან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, ჩვენ მაინცდამაინც სანქციებზე პირდაპირ არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, გავარკვევთ უმრავლესობის და პარტიის ფორმატში და ამის შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე, იქნება ეს საერთოდ საჭირო, არ იქნება თუ ა.შ. მე არ მინდა დღეს დავადასტურო რაიმე სანქციების შესახებ, იმიტომ, რომ ამაზე ჩვენ ჯერჯერობით, სწორედ იმ არგუმენტის გამო, რაც უკვე მოგახსენეთ, საუბარი არ გვქონია”,- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები