მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული 6 მეშახტიდან, ხუთი დღეს დაკრძალეს

მინდელის სახელობის შახტაში 5 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული 6 მეშახტიდან, ხუთი დღეს დაკრძალეს.
მათგან სამი ტყიბულში, ერთი – ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში, ერთი კი რაჭაში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.
მეექვსე დაღუპულ მეშახტეს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.
დაღუპულთა ცხედრები დილით ტყიბულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, ინვესტორმა დავით ბეჟუაშვილმა, შახტის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები