ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს.
საქართველოს მოქალაქეებსა და თბილისში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის, ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება.
„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები