„ვფიქრობ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას შევძლებთ“
გარკვეულ თემებთან დაკავშირებით კენჭისყრები ტარდება თავისუფალ რეჟიმში. ეს არის დემოკრატიის ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და მმართველი გუნდი ამით ამაყობს. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ის ვერ ხედავს საფრთხეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნით რაიმე ტიპის პოლიტიკური რისკის მატარებელი იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ან უმრავლესობისთვის, „გარკვეულ თემებთან დაკავშირებით კენჭისყრები ტარდება თავისუფალ რეჟიმში. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან ემოციებს ავყვებით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება გასულ სასესიო კვირას გააკეთა. მისი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.