მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს
“იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია, მითუმეტეს, ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ამის თაობაზე მან დავით ჭიჭინაძის განცხადებას არასერიოზული უწოდა.
„რამდენიმე დეპუტატმა მძიმე შეცდომა დაუშვა თავის შეფასებებში. რეალურად რომ ვთქვა, არანაირი პრობლემა არ არსებობს, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური. პრობლემა არის რამდენიმე განცხადება, შეცდომას დავარქმევდი ამ ყველაფერს. ვფიქრობ, უმრავლესობის შიგნით ეს საკითხები უახლოეს მომავალში გაირკვევა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. პრობლემა არის, თუმცა მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გახმიანდა. ამ პრობლემის საფუძველი იყო არარეალური. იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით რამე საკითხი დაისვას, არასერიოზულია, მითუმეტეს ასეთი უსაფუძვლო თემების ფონზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავს.