დავით ჭიჭინაძე: მიგვაჩნია, რომ გუნდის შიგნით არის რესურსი დავლაგდეთ, მაგრამ გამორიცხული არასოდეს არაფერია
შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმა და შესაბამისი პროცედურების დაწყება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ეს გამორიცხული არ არის.
„მიგვაჩნია, რომ გუნდის შიგნით არის რესურსი დავლაგდეთ, მაგრამ გამორიცხული არასოდეს არაფერია. ჩემთვის ის განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინე, აღმაშფოთებელი იყო. გუშინ გედევან ფოფხაძეს ზნეობასა და მორალზე ისეთმა ადამიანებმა მიუთითეს, რომლებმაც უმჯობესია, პირველ რიგში საკუთარ ცხოვრებაში ჩაიხედონ. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც მანამდე ორჯერ ეკა ბესელიას დემარში მოუწყო. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ვინმე არ გამომრჩეს და არ გავანაწყენო. რას ნიშნავს გუნდის დაშლის პირას ყოფნა?! თვითგაწმენდა და განახლება მშვენიერი ჯანმრთელი პროცესია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე“
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ, მმართველი გუნდისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება, გასულ სასესიო კვირას გააკეთა.
მისი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზი თანაგუნდელების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა გახდა.