ირაკლი კობახიძე: ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოჯახთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას და მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებზეც კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია საუბარი.
„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება: ეს არის სიყვარული, ეს არის შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ეკლესიის თანამშრომლობა, რაზეც იყო, ასევე, საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დემოგრაფიულ მდგომარეობაზე საუბრისას, რომელზეც კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ყურადღება გამახვილებული, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი საზოგადოებას, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიმართულებით, შესაბამის ინიციატივებს წარუდგენს.
„პარლამენტში დაწყებულია უკვე მუშაობა დემოგრაფიულ საკითხებზე. საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, ამ კუთხით – მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის კუთხით და ჩვენ შესაბამის ინიციატივებს აუცილებლად წარვუდგენთ საზოგადოებას. ეპისტოლეში ყურადღება იყო გამახვილებული იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ამაზე არის საჭირო მუშაობა ყველა მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები