58 წლის მანძილზე წლევანდელი მარტი ერთ-ერთი ყველაზე თბილი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტო მარტის თვის კლიმატური დახასიათების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მარტის თვის ამინდს, ძირითადად, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან გადმოტანილი თბილი ჰაერის მასები განაპირობებდა, თუმცა პერიოდულად კავკასიონის როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ასევე ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება აღინიშნებოდა.
„მარტის თვე გამორჩეულად თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი ქვეყნისთვის, 2008 წლის შემდეგ.
მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. მარტის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +13°C, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +8, +11°C, მთაში +7, +10°C, ხოლო მაღალ მთაში +2, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.
ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+5, +6°C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მეორე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +27, +30°C-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.
მარტის თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ დეკადაში აღინიშნა სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -9, -13°C-მდე დაეცა.
ნალექების რეჟიმის მიხედვით, მარტის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ ნალექიანი იყო. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადახრებით ხასიათდებოდა რაჭისა და ზემო იმერეთის რაიონები, სადაც ნალექების ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა.
ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (200-230 მმ) აჭარის სანაპირო ზოლსა და რაჭაში მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-30 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნა.
9 მარტს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, აღინიშნა ძლიერი ქარები. ქარის მაქსიმალური თბილისში სიჩქარე დაფიქსირდა – 32 მ/წმ“,-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები