“ალბატროსის” პიარ-მენეჯერი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს – რა მოხდა არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობის აქციაზე

კომპანია „ალბატროსის“ პიარ-მენეჯერმა, სალომე სარიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, კომპანიაში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენიებელი სოლიდარობის აქციას ეხებოდა, თუმცა, პლაკატების ჩამოხევით, დაპირისპირებითა და სასამართლოთი დასრულდა. როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერმა განაცხადა, მის ამ ინიციატივას თავიდანვე ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა.
მისივე თქმით ადმინისტრაციის უფროსმა, მადინა თვაურმა, არც კი იცოდა ვინ იყო არჩილ ტატუნაშვილი და ის “პაცანად” მოიხსენია.

“არჩილ ტატუნაშვილის გატაცების დღიდან, კომპანიაში ვაწარმოებდი სოლიდარობის კამპანიას სხვადასხვა ფორმით. ბოლო ღონისძიება, რომელიც შედარებით მასშტაბური გახლდათ იყო ეს აქცია. ჩემი ინიციატივით და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, კედლის ფასადზე გავაკარით პლაკატები გარკვეული სლოგანებით. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრატორთან, უშუალოდ ადმინისტრაციის უფროსთან მადინა თვაურთან, თუმცა თავიდანვე ვგრძნობდი მისი მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებას. როდესაც ამ ინიციატივით შევედი მასთან, არც იცოდა ვინ იყო არჩილ ტატუნაშვილი და ის „პაცანადაც“ კი მოიხსენია”, – განაცხადა პიარ-მენეჯერმა.

როგორც სალომე სარიშვილი განმარტავს, მისი სურვილი იყო ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეზე, ამ აქციით გამოეხატათ სოლიდარობა. თუმცა, მისივე თქმით, 2 აპრილს პლაკატები უკვე ჩამოხეული იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომპანიის პიარ-მენეჯერი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან მივიდა, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხი მოთხოვა, როგორც თავად ამბობს ეს პიროვნება იაგო ოთარაშვილი მადინა თვაურის მეგობარი მამაკაცია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა, უარყო პლაკატების ჩამოხევა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი სცადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციის უფროსი მადინა თვაური ეთნიკურად ოსია, სალომე სარიშვილი ვარაუდობს, რომ მისი ამგვარი გაღიზიანება სოლიდარობის აქციის მიმართ, სწორედ ამას უკავშირდება.

“პლაკატების გაკვრა მოხდა არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, ჩემი სურვილი იყო, როდესაც ეროვნულ გმირს 35 წელი შეუსრულდებოდა ეს პლაკატები სოლიდარობის მიზნით ყოფილიყო კომპანიაში, თუმცა ორშაბათს უკვე ჩამოხეული დამხვდა პლაკატები. ამას უსიამოვნება მოყვა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რადგან როდესაც ეს ფაქტი ვნახე შევედი ადმინისტრატორთან, სადაც დამხვდა მადინა თვაურის მეგობარი მამაკაცი იაგო ოთარაშვილი, რომელსაც მოვთხოვე პასუხი, რადგან ისაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, წესრიგზე და ა.შ. თუმცა მან განმიცხადა, რომ პლაკატები არ ჩამოუხსნია არავის და თავისით ჩამოცვივდა, რაც სიცრუეა. ამ ყველაფერს მოყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მან ისიც აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ცნობდა გმირებს. ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. მადინა თვაური ეთნიკურად ოსია, არ მინდა რაიმე ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შესაძლოა ამასაც უკავშირდება თავიდანვე მისი გაღიზიანება სოლიდარობის აქციის მიმართ.

ინციდენტის შემდეგ გამოვიძახე სამართალდამცველები დაგვაწერინეს შესაბამისი ოქმები, რის შემდეგაც მე და იაგო ოთარაშვილი სასამართლოში გადაგვიყვანეს. სასამართლომ მე დაზარალებულად არ მცნო, რადგან ჩვენებები იყო ურთიერთგამომრიცხავი და მტკიცებულებები არასაკმარისი. ვაპირებ გასაჩივრებას და მოვუწოდებ შესაბამის ორგანიზაციებს, დამიდგნენ გვერდში, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეურაცხყოფა, ესაა მთელი ერის შეურაცხყოფა. მე მაქვს დაპირისპირების და შეურაცხყოფის აუდიო ჩანაწერი. იმის ჩანაწერიც მაქვს როგორ მოიხსენიებს ადმინისტრატორი არჩილ ტატუნაშვილს “პაცანად”, – განაცხადა კომპანია “ალბატროსის” პიარ-მენეჯერმა, სალომე სარიშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები