გიორგი კვირიკაშვილი, ტყიბულში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის“ – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში, უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, „საქნახშირი“, სადაც დღეს გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა, ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა. ჰოლდინგი „ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე დავით ბეჟუაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები