დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03:45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, ე.წ. „სამთო დარტყმა“ მოხდა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაშავებული სამი ადამიანი კი ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. ადგილზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები