ლევან გოგიჩაიშვილი: პრემიერის ინიციატივა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელებაა

პრემიერის ინიციატივას სრული მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების და სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პირველს“ განუცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, პრემიერის ინიციატივას ძალიან პოზიტიური შედეგი ექნება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელება. მე ვფიქრობ, რომ ამას ძალიან პოზიტიური შედეგი ექნება ჩვენს ურთიერთობებში იმ ადამიანებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს არის კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხედვა ჩვენს მოქალაქეებთან დაახლოების.
ეს არის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ძალიან სერიოზულ, დადებით შედეგებს მივიღებთ“,- განუცხადა „პირველს“ გოგიჩაიშვილმა.
უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული ნაბიჯით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის იმ სიკეთეებზე წვდომა ფართოვდება, რასაც ქართული სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისთვის ქმნის.
„ჩვენი მიზანია, რომ სავაჭრო და საგანმანათლებლო ურთიერთობებით და სხვა სიკეთეებზე კიდევ უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.
მიზანია, კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი დაახლოება და სხვა რეჟიმში გადავიდეს ჩვენი ურთიერთობა, დიალოგი და ვაჭრობა დაიწყოს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მეგობრული ჟესტი, ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი დამოკიდებულება იმ სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია. ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რითაც ჩვენ ძალიან სერიოზულ გარღვევებს მივაღწევთ თანამოძმეებთან ურთიერთობაში“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივას სრული მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორების და სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან.
„ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას ველოდებით არა მხოლოდ სიტყვიერ, არამედ კონკრეტულ ინიციატივებს, კონკრეტულ დამოკიდებულებას, პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა.
„მინდა დავიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე გახლავთ უალტერნატივო ნაბიჯი – ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები