2 წლის განმავლობაში, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი 231 ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლზე დაიწყო

2 წლის განმავლობაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ ინიციატივით, სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროცესი 231 ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლზე დაიწყო. სამუშაოების უმეტესი ნაწილი დასრულებულია. – ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 – 2017 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში უდევს საფუძვლად:
სამუშაოებზე დასაქმებული იყო 8000 ათასამდე ადამიანი.
კომპლექსური სარეაბილიტაციო პროექტები დაიწყო აწყურის, გელათის, კუმურდოს, ნიკორწმინდის, თბილისის მეტეხის, ატენის სიონის, თისელის, სქურის, ანჩისხატის, მცხეთის მცირე ჯვრისა და შორეთის ტაძრებსა და სამონასტრო კომპლექსებზე.
დაიწყო სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები ნიკო დადიანის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
განხორციელდა გეგუთის სამეფო სასახლის სრული კონსერვაცია და არქეოლოგიური შესწავლა.
ნოქალაქევის ისტორიულ ტერიტორიაზე დაიწყო სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები.
მსოფლიო ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი – სოფელი ჩაჟაში 2 წელიწადში სრულად დაიბრუნებს პირვანდელ იერსახეს.
პირვანდელ იერს შეიძენს ისტორიული ციხესოფელი მუცო, სადაც სამუშაოების ციკლი წელს დასრულდება.
სრულადაა რეაბილიტირებული ნოღას ციხე.
დასრულების ეტაპზეა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის კლდოვანი მასივების გამაგრების პროცესი.
სრულადაა რესტავრირებული 2016 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური კედლის მხატვრობა.
2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესების დაფინანსება.
მიმდინარე წელს სააგენტოს მუზეუმების სიას გრაკლიანის არქეოლოგიური საიტის თანამედროვე მუზეუმიც შეემატება.
აქტიურ ფაზაშია შესული ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად გაქცევის პროცესი.
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა „UNESCO“-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. „UNESCO“-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში კი დაბრუნდა მცხეთის ისტორიული ძეგლები და გელათის მონასტერი.
2 მეზობელ სახელმწიფოსთან – თურქეთსა და სომხეთთან ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე, დარგის სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფები უკვე შეუდგნენ კოორდინირებულ მუშაობას.
დაფუძნდა კლუბი „ემეგობრე მემკვიდრეობას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები