გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტის შეთავაზება შეწყალებასთან დაკავშირებით მარტივი ტესტია, რომელსაც რადიკალები ვერ ჩააბარებენ
პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ რადიკალების მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას მედიასთან ეხმიანება.
„არ აქვს მნიშვნელობა მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რადგან თუ მიიღებენ – დამარცხდებიან, თუ არა და, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებიან”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ რადიკალებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში თავიანთი ევროპელი პატრონებიც ჩართეს და აცხადებენ, თითქოს ხელისუფლება მათ დევნის. მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება, ციხეში ჩაჯდომითა და არჩევნებში არ მონაწილეობით კი თავიანთი შეცდომების გამართლებას ცდილობენ.
პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ოპოზიციურ ე.წ ლიდერებს, რომლებიც საკუთარი ფეხით წავიდნენ საპყრობილეში, უთხრა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, ამიტომ დაწერონ შეწყალებაზე განცხადება და თქვან, რომ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. შეწყალება ნიშნავს, რომ მოეხსნებათ ნასამართლობა და ბრალდება, გამოვლენ და დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიას. პრეზიდენტი არის ქვეყნის გამაერთიანებელი, ამიტომ გააკეთა ეს ჟესტი. რადიკალები ხომ ამბობენ გვდევნიან, ხელს გვიშლიან და ციხეში გვიშვებენ იმიტომ, რომ ეშინიათო და თავიანთი ევროპელი პატრონებიც ჩართეს ამ პროცესებში. მარტივია ეს ტესტი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ ჩააბარებენ.
რადიკალების პოზიცია გაურკვეველია. რატომ აღიარეს სასამართლოს ლეგიტიმაცია, გვარამია საკუთარი ფეხით მივიდა საპყრობილეში. სასამართლო ლეგიტიმურია და პრეზიდენტი არა? ეს მიდგომა არასერიოზულია. ჩვენი დღის წესრიგი და თავის ტკივილი არ არის ის საკითხი თუ რას იზამს ნაცმოძრაობა და მისი ფილიალები, ლელო იქნება ეს, თუ სხვა. არ აქვს მნიშვნელობა მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, რადგან თუ მიიღებენ – დამარცხდებიან, თუ არა და, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრებიან. ამ მანიპულაციებით ისინი თავიანთი მარცხის გამართლებას ცდილობენ, ზოგი ციხეში გაქცევით, ზოგიც არჩევნებში არ მონაწილეობით. ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან, რადგან ეს გავლილი აქვთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.