ესპანეთში, გიბრალტარის სრუტეში, 4 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა

ოთხი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა, ხოლო ერთი გადაარჩინეს, გიბრალტარის სრუტეში. კიდევ შვიდ მიგრანტს მაშველები ეძებენ. ინფორმაციას ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახური ავრცელებს. მათმა ხომალდმა გიბრალტარის სრუტეში გადაბრუნებული ნავი აღმოაჩინა, სადაც ერთი ცოცხალი და ორი დაღუპული ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით, ღია ზღვაში კიდევ ორი გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს. გადარჩენილის გადმოცემით, ნავში თავდაპირველად 12 ადამიანი იყო. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ნავი, არალეგალი მიგრანტებით, მაროკოს ქალაქ ტანჟერიდან კვირას გამოვიდა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან 25 მარტამდე, ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ნაპირთან, სულ დაიღუპა 120 ადამიანი, ხოლო ამ ქვეყანაში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 3 ათასამდეა. სულ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვით, წლის დასაწყისიდან 13 355 ადამიანი ჩავიდა, 498 მათგანი კი, დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები