დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის პარკში ჯიხური გადასცა, რომელშიც ის თავისი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს.
„გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა. ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა, გიგი ანთაძეს დახმარებოდა და კანონის ფარგლებში, მისთვის ბიზნესის გაგრძელების შესაძლებლობა შეექმნა.
დღეიდან გიგი ანთაძე შეძლებს, ფრეშ-წვენები და სხვადასხვა სახის პროდუქცია მზიურის პარკის სტუმრებს შესთავაზოს.