გიორგი კალატოზიშვილი ნარკოპოლიტიკის ალტერნატიულ კანონპროექტს ეხმაურება
ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის ინიცირებით, პარლამენტში 8 ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობასთან დაკავშირებით, ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება, „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების ოფიცერი გიორგი კალატოზიშვილი ეხმაურება.
კალატოზიშვილი შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
„როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება იმით, რომ:
ადამიანს 1 საათის ნაცვლად 30 წუთი გააუპატიურებენ?
ადამიანს 10 ტყვიით კი არა, 1 ტყვიით მოკლავენ?
ადამიანს უთოთი აწამებენ, ან გავარვარებული არმატურით?
მგონი ქმედებას ამით სახელი არ შეეცვლება. ხომ ასეა? კი, უდაოდ, დიდი შვება უნდა იყოს მსხვერპლისთვის ის, რომ მოძალადე 30 წუთში დაასრულებს თავის საქმეს… მაგრამ მასზე ხომ მაინც იძალადებენ? ძალოვნების მიერ შემუშავებულ ნარკოპოლიტიკის “ალტერნატიულ” კანონპროექტზე გამახსენდა… კანონპროექტის, რომლის თანახმად ნარკოტიკის მოხმარება ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ისევ პატიმრობით დაისჯება. ნუ, ისიც შვებაა ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა. მამუკა ბერძენიშვილისთვის და ჩვენი სხვა თანამოქალაქეებისთვის, რომ ძალოვნების “ალტერნატიული” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მათ მიუსჯიდნენ 8 წლის ნაცვლად 6 წელს… ნუ, ალბათ, ასე ფიქრობენ ძალოვნები და ნუ შევჭამთ “ალტერნატიული” ფიქრებისთვის“, – წერს კალატოზიშვილი.