გიორგი მარგველაშვილი: დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ბელარუსის ერთად დგომა და მხარდაჭერა საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

“თქვენი ვიზიტი განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებებს, მათ შორის „საქართველო ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას”, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფენ ჩვენს ურთიერთობებს ბევრი ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ის ურთიერთობები, რომელიც ბელარუსსა და საქართველოს შორის არის, ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფოებისთვის სამაგალითოა. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის.

მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და საქართველოსათვის აკეთებთ”, – აღნიშნული განცხადებით დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან პირისპირ მოლაპარაკებები, ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობისას.

ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისი უკვე მეორე ვიზიტია.

“თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად… ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში”, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობასა და პატიოსნებას გაუსვა ხაზი.

როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, საქართველო – ბელორუსის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების შესამჩნევმა პროგრესმა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე აიყვანა. ორმხრივი ურთიერთობების ეს პროგრესი დინამიურად განვითარებადი და შეუქცევადია.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების ფორმატში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ ასეთი აღმაშფოთებელი შემთხვევები და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება  უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საჭიროებს. ამასთან, საქართველო განაგრძობს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ელის.

ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან აფასებ ბელარუსი მეგობრების გვერდში დგომას და მათ მტკიცე მხარდაჭერას.

“ეს ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტურია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყნებისათვის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები