დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და გორის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობის მიზნით  დოკუმენტს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. თანამშრომლობა გულისხმობს არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას; საინტერესო ერთობლივი პროექტების საშუალებით ახალგაზრდებში ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების დაუფლებას;  ასევე, აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიწოდებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას.

მემორანდუმის გაფორმებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა გორის მერს, მის მოადგილესა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინოვაციური პროგრამები გააცნო. თათია ხოჭოლავას განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი უნარების განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფალი დროის მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები გორში 2015 წლიდან მიმდინარეობს. მათ შორის არის გორის იუსტიციის სახლის „მოხალისე“,  „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE კლუბი), „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის“, „კინოკლუბი“, „წიგნის კლუბი“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები