რატომ აუკრძალეს ჩხოროწყუში ნარკოდამოკიდებულებს კატებისა და ძაღლების ყოლა – რას აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე

ჩხოროწყუს საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფ პირებს, კატებისა და ძაღლების ყოლის უფლება არა აქვთ, 18 წლამდე არასრულწლოვნებს კი, მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით შეუძლიათ.
ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.
როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, დადგენილება, რომელიც ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულომ 2017 წლის 4 დეკემბერს მიიღო, განსაზღვრავს ისეთ რეგულაციებსაც, რომელთა ნორმატიული მოწესრიგება, როგორც წესი, შეუძლებელია, ან მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, დადგენილებაში მითითებულია, რომ: ძაღლისა და კატის მეპატრონე არ შეიძლება იყოს ქმედუუნარო პირი; ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ქუჩიდან აიყვანონ, იჩუქონ, ასევე ანდერძით ან მემკვიდრეობით მიიღონ კატა და ძაღლი; მოდარაჯე ძაღლის დაბმა შეიძლება მხოლოდ 5-მეტრიანი ან უფრო მეტი სიგრძის თასმით; მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს კატისა და ძაღლის საძილე ადგილის გათბობა და განათება.
როგორც ირკვევა, ეს დადგენილება ჩხოროწყუს საკრებულომ მოქალაქეების მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს შეტანილი პეტიციის საფუძველზე მიიღო. პეტიციას თან ახლდა დადგენილების პროექტიც, რომელიც საკრებულომ ტექსტის შეუცვლელად დაამტკიცა.
„კვირა“ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ესებუას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლაფსუსი გაიპარა და გადაწყვეტილება გააზრებულად არ მიუღიათ.
„ეს იყო ლაფსუსი და არა გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილება. ეს პეტიცია წინა მოწვევის საკრებულოში იყო შემოსული და ლაფსუსი მაშინ გაიპარა, როცა წინა მოწვევის საკრებულო ახალი მოწვევის საკრებულოთი იცვლებოდა და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები სრულად ფორმირებული არ იყო. სწორედ ეს კომისიები განიხილავენ დეტალურად საკითხებს, საკითხი ბიუროზე გავა და ეს შეცდომა უახლოეს პერიოდში გამოსწორდება“, – განუცხადა „კვირას“ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები