სოსო მანჯავიძე: „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარი წყალში ჩასაყრელი ნამდვილად არაა, თუმცა, დახვეწას საჭიროებს

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს.
მისივე თქმით, საინტერესოა როგორი პარკირების სისტემა ამოქმედდება მომავალში. როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ყოველივე ამან პარკირებაზე ფასების დრამატული მატება არ უნდა გამოიწვიოს.
“თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დადებითად უნდა შევაფასო. ახლა უკვე იურისტებზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება მოვლენები სამართლებრივად. მომავალში, როგორ იქნება პარკირების სისტემა, ესეც საინტერესოა, არ უნდა მოხდეს ფასის დრამატული მატება, თუნდაც საათობრივ პარკირებაზე. პარალელურად უნდა მოწესრიგდეს საპარკინგე ადგილებიც”,-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
​მან დედაქალაქის გენერალურ გეგმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარი წყალში ჩასაყრელი ნამდვილად არაა, თუმცა, საჭიროებს დამატებით დახვეწას.
“ამგვარი გენგეგმის მიღების შემთხვევაში, რამდენიმე წინააღმდეგობა იქმნება, საკუთრების უფლება უზიანდება ბევრ ადამიანს და მივიღებთ დიდ უკმაყოფილებას. ამ ადამიანების უკან ბევრი რამ დგას. გარდა ამისა, გენგემა, რომ სრულყოფილი ყოფილიყო, ამას სხვა სახსრები და სხვა ფინანსები სჭირდებოდა. დაუხვეწავი დოკუმენტის მიღებას, სჯობს, ჯერ გარკვეულმა ჯგუფებმა იმუშაონ შეთანხმებულად. „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარი წყალში ჩასაყრელი ნამდვილად არაა, თუმცა, ჩემი აზრით, საჭიროებს დამატებით დახვეწას”,-განაცხადა სოსო მანჯავიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები