“თბილისის მშენებლობისთვის, სრულიად საკმარისია ის ნებართვები, რომელიც უკვე გაცემულია”

„არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ დავით აბულაძემ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შესახებ ისაუბრა.
დავით აბულაძის თქმით, არსებობს მსხვილი გადაწყვეტილებები, რომელიც გენგეგმასთან წინააღმდეგობაში მოდის. აბულაძე აცხადებს, რომ გაცემულია პირობადადებული ნაბართვები, თუმცა სამშენებლო პროცესი ჯერ არ არის დაწყებული. „არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ის ნებართვებია, რომელიც უახლოესი 15-20 წელიწადი თბილისის მშენებლობისთვის საკმარისი იქნება.
„როგორც ვიცი, მოიძებნა კომპრომისული და დაბალანსებული კომპონენტი, იმიტომ რომ არ დაზარალდეს ერთის მხრივ პროცესი და მეორეს მხრივ ისეთი რეალობის წინაშე არ დადგეს მერია, რომელსაც გენგეგმით მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერ დაძლევს.
საუბარია ისეთ ნებართვებზე, რომლებზეც ჯერ-ჯერობით არ არის მშენებლობები დაწყებული და შესაძლოა, უახლოეს 5-10 წელში არ განხორციელდეს. აქ სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებებია მისაღები და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ იქნება ისეთი, როდესაც მესაკუთრეს, ჩვენ, რაღაც არაკანონიოერი მეთოდებით, ვთქვათ, იმ მოპოვებულ უფლებას ჩამოვართმევთ, – ეს იქნება რთული პროცესი. აქ შესაძლებელია, დიალოგის საფუძვლზე, რაღაც იქნას მიღებული, მაგრამ ათასობით ნებართვაზეა საუბარი. უახლოესი 15-20 წელი, თბილისის მშენებლობისთვის, სრულიად საკმარისია ის ნებართვები, რომელიც უკვე გაცემულია“,- განაცხადა დავით აბულაძემ.
„არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარის განცხადებით, გენარალური გეგმა თავისთავად არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, იმიტომ, რომ მასში მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს პოლიტიკურ ხედვებთან, ბიუჯეტთან და რიგ საკითხებთან.
„გენგეგმასთან დაკავშირებული პროცესები მიმდინარეობს პროფესიულ კორიდორში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მიწათსარგებლობის გენგეგმის სრულყოფაზე, ბუნებრივია, ეს გეგმა როგორც გრაფიკულ, ისე ტექსტურ ნაწილებში ასეთ კომპრომისულ ვარიანტებს, დაბალანსეულ გადაწყვეტილებებს უნდა ითვალისწინებდეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არსებობდა და იარსებებს სხვა წინააღმდეგობები, იმიტომ, რომ მრავალი ინტერესთა კომპონენტი შემოდის, როგორც საერთო საზოგადოებრივი, პროფესიული, პოლიტიკური და აქედან გამომდინარე, ამდაგვარი დოკუმენტის მიმართ, საერთო 100-პროცენტიან შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევთ.
წინსწრებით უკვე მიღებულია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უახლოეს 10-20 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ფაქტობრივად, ჩვენ რეალობის წინაშე დავდგებით, იმიტომ, რომ რიგი გადაწყვეტილებები ვერ შეიცვლება, ვერც გენგეგმა შეცვლის მაგას და ვერც პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს ნებართვები არის პირობადადებული ნებართვები, ეს არის გარკვეული პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიმღებებზე და ამდაგავარი გადაწყვეტილებები, რომ შეიცვალოს რიგ შემთხვევაში, მერიას ძალიან დიდი კომპენსაციების გაცემა მოუწევს“,- აღნიშნა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას დავით აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები