დავით აბულაძე: სამშენებლო გადაწყვეტილებები უნდა ექვემდებარებოდეს დაგეგმარების პროექტებს და ეს უნდა იყოს მშენებლობების ნებართვის გაცემის წინაპირობა

„არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარემ დავით აბულაძემ, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ ისაუბრა.
დავით აბულაძე მიიჩნევს, რომ კოდექსი შექმნის უკეთეს წესრიგს, ვიდრე დღეს არის სამშენებლო საქმიანობაში.
„სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი – ეს კოდექსი ოფიციალურად ამ ვერსიით იყო პარლამენტში შესული, მას შემდეგ, რაც გარკვეული ინტერესთა ჯგუფების ჩართულობით, რომელიც პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უზრუნველყო, მოხდა კომპრომისული ვერსიის შემუშავება და დღეს სათაური არის ამდაგვარად ფორმირებული -„სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურის მშენებებლობა და საქმეთა კოდექსი“. ვფიქრობ, კომპრომისული შეთანხმება, რომელიც რომან კაკუკლიამ უზრუნველყო, პრინციპების დონეზე მიღწეულია“,- განაცხადა დავით აბულაძემ.
„არქიტექტორთა კავშირის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე, კოდექსის პროექტი არ არის იდეალური ვერსია, მაგრამ ის არის საერთო შეთანხმების კომპრომისული ვერსია.
„პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უზრუნველყო სპეციალური კომისიის შექმნა, სადაც ეს კომისია უკვე მუხლობრივ განხილვების ეტაპზე ჩაერთვება, ტექსტურ ნაწილზე კი, კიდევ ექნებათ საშუალება, იმუშაონ.
ვფიქრობ, რომ პარლამენტში შესაძლებელია ამ კოდექსის პრინციპების დონეზე განხილვა და რაც შეეხება მის მიღება-არ მიღების საკითხს, ჩვენ, „არქიტექტორთა კავშირი“ ვაფიქსირებთ, რომ ამ კოდექსის დაგვიანებამ დიდი რისკის ქვეშ დააყენა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ განახლების საკითხები, ჩვენ ვფიქრობდით და ვვარაუდობდით, რომ კოდექსი გაუსწრებდა ამ გენგეგმის დამუშავების პროცესს და ამ კოდექსის პარამეტრები მისცემდა შესაძლებლობას გენერალურ გეგმას, რომ ჩვენ გვეფიქრა გენერალური გეგმის სამსაფეხურიან დაგეგმარების სისტემაზე“,- აღნიშნა დავით აბულაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.
დავით აბულაძის თქმით, კოდექსი მოიცავს სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ერთიან პროცესს.
„ეს არის სივრცითი მოწყობა, ანუ სივრცითი წესრიგი, კონკრეტული ობიექტების დაპროექტებისა და აშენების წესი, ექსპლუატაციის წესი და მიღება-ექსპლუატაციის წესი. ეს კოდექსი შექმნის უკეთეს წესრიგს ვიდრე დღეს არის სამშენებლო საქმიანობაში. ამ კუთხით მნიშნელოვანი მგონია, პროცესში ჩართული დარგის სპეციალისტთა სერთიფიცირების საკითხიც. ასევე, სამშენებლო ზედამხედველობის საკითხი, სამშენებლო საქმიანობის დაზღვევის საკითხი და ენერგოეფექტურობის საკითხი.
რაც შეეხება სანქციების საკითხს, რაც დღეს არსებობს, ეს ითვალსიწინებს უფრო გამკაცრებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო დათქმა, რომლითაც ყველანი ერთად ვთანხმდით, რომ შევიმუშავებთ და შევთანხმედებით საერთო მარეგულურებელ წესზე და ჯამურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს უკეთესს გახდის გარემოს, ვიდრე დღეს არის“,- განაცხადა დავით აბულაძემ და დასძინა, რომ სამშენებლო გადაწყვეტილებები უნდა ექვემდებარებოდეს დაგეგმარების პროექტებს და ეს უნდა იყოს მშენებლობების ნებართვის გაცემის წინაპირობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები