ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები კვირიკაშვილთან, კობახიძესთან და მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების ლიდერები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, ასევე პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სახელზე მიმართვას ავრცელებენ.

მიმართვის ავტორები სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხს გამოყოფენ.

ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ითხოვენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უახლოეს ხანებში შეხვედრას.

მიმართვას, რომელსაც ხელს აწერენ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდიდან ზაურ ხალილოვი, ჩართულობის და განვითარების ცენტრიდან აგიტ მირზოევი და საერთო-სამოქალაქომოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოდან“ არნოლდ სტეფანიანი, უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფო უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები მრავალ პროგრამას ახორციელებენ განათლების, კულტურის, სამართლებრივი მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სხვა მიმართულებებით. აღნიშნულის მიუხედავად ამ სფეროში არსებული სირთულეები კვლავ აქტუალურია, საიდანაც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ეთნიკური უმცირესობები მმართველობით ორგანოებში ძირითადად მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში არიან წარმოდგენილი. პრობლემურად რჩება ცენტრალურ ხელისუფლებაში, დედაქალაქისა და მისი  მუნიციპალიტეტების მმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ადეკვატური და უშუალო მონაწილეობის საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების არცერთი მარეგულირებელ ორგანოს (კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიები) მმართველობაში და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის არ არიან ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილი.

ქვეყნის ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას ჩვენ ვაფასებთ არა როგორც ცალკეული ინდივიდების დასაქმების შესაძლებლობას, არამედ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის თანამოქალაქეთა წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ–ერთ უმთავრეს საშუალებას. ეთნიკური უმცირესობების დიდ ნაწილში უნდა ჩამოყალიბდეს იმისი განცდა, რომ ადამიანის განსხვავებული წარმოშობა, პიროვნების განვითარებისა და თვითრეალიზების გზაზე არ არის შემაფერხებელი ფაქტორი, რისთვისაც საჭიროა გამოიკვეთოს წარმატების კონკრეტული მაგალითები.

ჩვენს ქვეყანაში, ეთნიკური უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას სამაგალითოდ ასახავს ჩვენს კოლეგასთან, იზაბელა ოსიპოვასთან დაკავშირებული ისტორია. საქართველოს პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურსში 5 წლის განმავლობაში ეთნიკურმა უმცირესობებმა 4-ჯერ მხარი დავუჭირეთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც აკმაყოფილებს ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას – არის უფლებადამცველი, ჟურნალისტი, არის დამოუკიდებელი ყოველგვარი  გავლენისგან, მისაღები კანდიდატია ყველა ჯგუფისთვის და აქვს დიდი ნდობა ყველა ეთნოსის წარმომადგენლებში. მიუხედავად იმისა, რომ მან ოთხივეჯერვე წარმატებით გადალახა საკონკურსო კომისია, იგი არც სახალხო დამცველის, არც საპარლამენტო უმცირესობის და არც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არ იქნა წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად. აღნიშნული გარემოება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში იწვევს სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და გაკეთებული განცხადებების მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებას.

შექმნილი რეალობა არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ეთნიკური უმცირესობებთან დაკავშირებული მრავალი სირთულე არ არის კარგად დანახული გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. ამდენად, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების  ჩართულობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ერთი მხრივ ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებსა და მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო ფრაქციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის დამატებითი დიალოგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციები მოგმართავთ, რომ გამონახოთ დრო ჩვენთან შესახვედრად“, – აღნიშნულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები