გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველთან ვაშინგტონში გამართული კონსულტაციები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებთან, გაზრდილ საფრთხეებთან დაკავშირებით, თავისი შეშფოთება გაუზიარა და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის მზარდ, მილიტარისტულ რიტორიკას, დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მოქალაქის და ყოფილი მშვიდობისმყოფელის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საქართველოს როლს, როგორც ამერიკული და დასავლური ინტერესების ფორტპოსტს რეგიონში, რომელსაც გამყარება სჭირდება და რომ ეს ამერიკის უფრო აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.
გიორგი მარგველაშვილმა გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან იმ კონსულტაციებზე ისაუბრა, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის სენატსა და კონგრესში შედგა და ხაზი გაუსვა, რომ კანონმდებლებისგან ამერიკის უფრო აქტიურ ჩართულობას აქვს ორმხირივი, ორპარტიული მხარდაჭერა.
შეხვედრისას, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს: საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ქვეყნის, როგორც ნატოს აღმოსავლეთის საკვანძო ბლოკპოსტის მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც აზიური და ევროპული ბაზრების დამაკავშირებელ ხიდზე და კასპიის ზღვის ქვეყნებისა და ევროპის ეკონომიკური ბაზრების დამაკავშირებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დერეფანზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები