სოფო ბალავაძე: არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით ჩავდოთ მიწაში, საკუთარი, ძალიან კარგი სათხილამურო კურორტი

პიარ-მენეჯერი სოფო ბალავაძე გუდაურში მომხდარ ინციდენტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, წინასწარი, არგუმენტს მოკლებული შეფასებები კურორტის იმიჯს ზიანს აყენებს.

“არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით ჩავდოთ მიწაში საკუთარი ძალიან კარგი სათხილამურო კურორტი. ამდენი წელი გამართულად მუშაობდა და რთული წარმოსადგენია, რომ ახლა არ მიხედეს. გაირკვეს ჯერ რა მოხდა. ცხადია, ამის მიხედვით შემდეგ პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს. სხვა საკითხია, მომხდარზე რეაგირება ვაკრიტიკოთ – დახმარების დროულად აღმოჩენა დაზარალებულთათვის, დანარჩენ დამსვენებლებზე ზრუნვა და სხვა საბაგიროების გამართულობის მყისიერად გადამოწმება.

P.S. მსგავსი შემთხვევა მომხდარა სხვაგანაც. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთანაც უნდა მომხდარიყო”, – წერს სოფო ბალავაძე სოციალურ ქსელში.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ექვსი კი თბილისში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, კომპანია „დოპელმაიერის” წარმომადგენლები უკვე მოდიან საქართველოში და ხვალ დილით გუდაურში იქნებიან.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები. წინასწარი ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია. გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები