„მინდა ბავშვები გავახარო“…  –  რატომ უყვარს ქუდებისა და სათამაშოების ქსოვა ნინი მინდიაშვილს

ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარდა. მოსწონდა, თუ როგორ კერავდა და ქსოვდა ბებია. თვითონაც  ეხმარებოდა და ქსოვდა მასთან ერთად. მოგვიანებით  დიზაინერის პროფესიას დაეუფლა. ქმნის ნამუშევრებს თექაზე, ხევსურულ ფარდაგებს…  მაგრამ ძალიან უყვარს სათამაშოებისა და ქუდების ქსოვა.
მინდა გავახარო ბავშვები,  ჩემი და სხვისი შვილები“, – ამბობს იგი.
თავისუფალ დროს ხელსაქმეს უთმობს. ხშირად გვიანობამდე მუშაობს. ამ ყველაფერში კი, მისი თქმით, მეუღლისა და შვილების სიყვარული აძლიერებს. – ნინი მინდიაშვილის პერსონა.

– დავიბადე 1987 წლის 10 იანვარს ქალაქ თბილისში, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ოჯახში. მოგეხსენებათ, იმ დროს ყველას უჭირდა და არც ჩვენ გვილხინდა. მითუმეტეს მრავალშვილიანი ოჯახი ვიყავით: მამა – ჯონი მინდიაშვილი, დედა – ცირა ქართველიშვილი და ჩემი სამი დედმამიშვილი – ნათია, ნატო და მინდია. მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ საკვები და ტანისამოსი არ მოგვკლებოდა.  ასეთი საზოგადო გაჭირვების მიუხედავად, უფრო მეტი სიყვარული იყო ხალხში, იყო მისვლა-მოსვლა ნათესავებში, იყო ერთობა, ერთმანეთის დახმარება და, რაც მთავარია,  ძალიან ლაღი ბავშვობა გვქონდა.
რა თქმა უნდა, ვსწავლობდით, ხან „შატალოზეც“ დავდიოდით, ვიყავით ერთ მუშტად შეკრული კლასი და საუკეთესო მასწავლებლები გვყავდა. მთელი სკოლა ერთი დიდი ოჯახი იყო. მრავალი დასამახსოვრებელი დღე გვქონდა სკოლაში. რაც შეეხება ხელსაქმეს, ბავშვობიდან მიტაცებდა და სულ მინდოდა შესწავლა.
– ხელსაქმე ბავშვობიდან გიყვარდათ… ალბათ ამან განაპირობა, რომ დიზაინერის პროფესიას დაეუფლეთ…
– ბავშვობიდან მაინტერესებდა ხელსაქმე, განსაკუთრებით – კერვა და ქსოვა.
ბებიას (მამის დედას) რომ ვუყურებდი, თუ როგორ კერავდა და ქსოვდა, მეც მინდოდა, მცოდნოდა და ვეხმარებოდი კიდეც. მინდოდა, მომავალში მეც ასე მომექსოვა ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, როგორც ის გვიქსოვდა ჩვენ. ძალიან თბილი ბებია იყო, როგორც ნინა ბებო – ჩემი მეუღლის ბებია.
თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვიცნობდი, სანამ გავთხოვდებოდი, მანამდე გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსენების დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან ახლოს ვიცნობდი. უთბილესი ადამიანი ყოფილა, მთელი სამეზობლოსთვის მოუქსოვია წინდები.
როცა წამოვიზარდე, უკვე ვიცოდი ხელსაქმე და გადავწყვიტე, უფრო ძირფესვიანად შემესწავლა სხვა მიმართულებებიც. ამიტომ ჩავაბარე სადიზაინოზე.
–  თვითნასწავლი ხელოვანი ხართ…. და მაინც უფრო მეტად რისი გაკეთება გიყვართ?
– შემიქმნია სხვადასხვა ნამუშევარი თექისგან, ხევსურული ფარდაგები… მაგრამ ძალიან მიყვარს ქსოვა, მიყვარს სათამაშოებისა და ქუდების ქსოვა.
რატომ მაინცდამაინც, ქუდები და სათამაშოები?
– არ გეგონოთ, ქსოვა უფრო ადვილი იყოს, ვიდრე თექაზე მუშაობა – ჩემს ნამუშევრებში სათამაშოს თითოეული დეტალი – თვალი, თმა… ყველაფერი ჩაქსოვილია. ეს მიმართულება უფრო იმიტომ მომწონს, რომ აქცენტი ბავშვებზე მაქვს გადატანილი… მინდა გავახარო ბავშვები, როგორც ჩემი შვილები, ასევე – სხვისი.
– ოჯახი და სამი შვილი გყავთ… მეუღლე პოეტი თენგო ხუციშვილია. გვიამბეთ, როგორ შექმენით ოჯახი…
– ჩემი დის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი, მეორე თამადა იყო.  ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. მალევე შევქმენით ოჯახი, ჯვარი ციხედიდის ხეობაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დავიწერეთ. სამი ვაჟკაცი გვაჩუქა უფალმა – გიორგი, საბა და ზუკა. მეუღლე თენგო ხუციშვილი მცხეთელია. მისი, როგორც პოეტის ფსევდონიმია – ქრისტეს მხედარი. ლიტერატურულ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩაბმული. ამ მიმართულებით ბევრ საზოგადო საქმეს აკეთებს მცხეთაში.
– როგორ ასწრებთ ხელსაქმეს დიდი ოჯახის პირობებში?
– დავიწყებ იმით, რომ დრო სწორად გადანაწილებული მაქვს. როცა ოჯახში სამი შვილია, ჩათვალეთ, რომ მუდმივი საქმე აქვს ქალს.  ამის პარალელურად, როდესაც ბავშვებს სძინავთ, თავისუფალ დროს ხელსაქმეს ვუთმობ. ხშირად გვიანობამდე ვმუშაობ. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, მეუღლისა და შვილების სიყვარული მაძლიერებს.
– გამოფენები გქონიათ?
– ზოგადად, არ მიყვარს თავის გამოჩენა. მეუღლეც ხშირად მთავაზობს, რომ ჩემი გამოფენა გაიმართოს, მაგრამ სულ უარს ვეუბნები. ჩვენი ოჯახის ახლობელია  ხელოვანი ქალბატონი -ეკატერინე სამადაშვილი, რომელიც გასულ შემოდგომაზე ქალაქ ბერლინის გამოფენაში მონაწილეობდა. მან იქ წარადგინა ჩემი ნამუშევრები და დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა ნამუშევარი გაიყიდა.
– ამჟამად  რაზე მუშაობთ?
– ამჟამად, ძირითადად, ნაქსოვებზე ვმუშაობ. ქუდები, სათამაშოები, მულტფილმის გმირები…
– ჰობი?
– ჩემი ჰობი ჩემი ოჯახი, შვილები და, რა თქმა უნდა, ჩემი ხელსაქმეა.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებზე რა მოგახსენოთ. კონკრეტული არაფერი. პირველ რიგში, შვილები უნდა გაიზარდონ და აღზრდა მიიღონ. მინდა მთელი დრო მათ დავუთმო. აუცილებელი და მთავარია, შვილების გვერდით იყოს დედა და სწორედ დედა მონაწილეობდეს  მათ პიროვნებად  ჩამოყალიბებაში. სხვა ყველაფერი – თავის დროზე იქნება.
ქალი მაშინ არის წარმატებული, როცა წარმატებული დედაა!

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები