ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 14 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.

კომიტეტზე იმსჯელებენ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებზე, ასევე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე და კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციის პროექტებს.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საკითხსა და მომავლის ევროპაში ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის შესახებ კოპენჰაგენის დეკლარაციის პროექტს განიხილავენ.

კომიტეტის წევრები გაცნობით მემორანდუმებს განიხილავენ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: შარიას სამართლის თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა – ევროპის საბჭოს და მისი წევრი სახელმწიფოებისათვის გამოწვევა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცედურები სასამართლო განხილვის გარეშე: უპირატესობები და რისკები.

სხდომის მონაწილეები იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მინისტრთა კომიტეტის პასუხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები