გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, არასწორია

“მოსამართლეების მიერ გამოცდების ჩაბარება, გამოცდების ეროვნულ ცენტრში, არასწორი იქნება”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მიქაუტაძის განმარტებით, მოსამართლეებისთვის გამოცდების ჩატარება კონკრეტულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა.
“მოსაზრების დონეზე დააფიქსირა ეს პოზიცია ანა დოლიძემ. ჩემს მოსაზრებას გეტყვით ამაზე. პირველი გახლავთ ის, რომ ეს საკითხი მოწესრიგებულია ორგანული კანონით საერთო სასამართლოების შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს საკვალიფიკაციო გამოცდას. შინაარსობრივად ამას უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ეს არის სასამართლო ხელისუფლების ვალდებულება და ფუნქცია. საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ვინაიდან იუსტიცის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ვერ აირჩევს კანდიდატს, თუ მას არ აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული. ანუ, ეს არის შერჩევა – დანიშვნის პროცესის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო ხელისუფლებიდან ასეთი ფუნქციის გადატანა ხელისუფლების სხვა შტოში, ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
ამასთან, გიორგი მიქაუტაძე განმარტავს, რომ კონკრეტულად გამოცდების ეროვნული ცენტრის ობიექტურობასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, თუმცა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რაღაც ეტაპის გატანა სასამართლო სისტემიდან არასწორი იქნება.
“ეს შეიძლება წარმოშობდეს საფრთხეეებს და აღქმული იქნას ისე, რომ მოსამართლეების შერჩევა – დანიშვნის პროცესში ხდება ჩარევა სხვა ხელისუფლების მხრიდან. მე კონკრეტულად საუბარი არ მაქვს არც გამოცდების ეროვნულ ცენტრზე და არც სხვა რომელიმე დაწესებულებაზე. ეს თვისობრივად უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი და არა ხელისუფლების სხვა შტოების. გამოცდების ჩატარება ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილების პროექტზე “მოსამართლეობის საკვალიფაკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი საბჭოზე გიორგი მიქუტაძე იყო. მისი თქმით, ეს იქნება ახალი დოკუმენტი და მისი გაცნობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს ექნება.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ თანამედროვე სტანდარტებით შეიქმნება ტესტები და შეიქმნება საგამოცდო პროგრამა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიცის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლე კანდიდატებმა გამოცდები არა იუსტიციის სკოლაში, არამედ განათლების სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები