ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო.
საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ინვესტიციები, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარება – ეს ის საკითხებია, რომლებიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული კონტაქტების და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ბუნებრივი რესურსების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო გარემოა. ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და მნიშვნელობას, როგორც „აბრეშუმის გზის”, ასევე სამხრეთიდან დასავლეთისკენ მიმართული ტვირთნაკადების საქართველოზე გატარების მხრივ.
სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა რეგიონში.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს დამდეგი ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები