არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი: ექთანს უთქვამს, ასე უმოწყალოდ ნაწამები ადამიანის ცხედარი არასოდეს მინახავსო

სად გაუსწორდნენ, არ ვიცით, თუმცა შემოგვი­თვალეს, ოცი შეიარაღებული ჯალათი ერთ უიარაღო ქართველს უმოწყალოდ ურტყამდა და არჩილი წინააღმდეგობას უწევდაო – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი ლევან შერმადინი აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია.
“აჩიკოს ბოლო რვა თვის განმავლობაში პროდუქტები შეჰქონდა­ ახალგორში. ბევრჯერ მითქვამს, რად გინდა შარი, დაგიჭერენ და როგორც ყოფილ სამხედროს, უმოწყალოდ გაგისწორდებიან-მეთქი. მეც ეგ მინდაო, სიცილით მპასუხობდა. არჩილი ერაყში მსახურობდა, 2008 წელსაც გამოიძახეს ომში, თუმცა ცხინვალში არ შესულა, საომარი მოქმედებები უკვე დასრულებული იყო, იქ არ უომია. ახალგორში ყველა ყველას იცნობს, მაგრამ ბოლო დროს მაინც ვერიდებით ურთ­იერთობას, – დაბაში ცხინვალის სპეცრაზმი და ომონი გააქტიურდნენ. ფაქტობრივად, კომენდანტის საათი გამოაცხადეს, გაუსაძლის პირობებში არიან ჩვენი მოქალაქეები, აშინებენ და ემუქრებიან, ტატუნაშვილზე არავის არაფერი უთხრათ და მით უმეტეს, პროტესტის გამოხატვა არ გაბედოთო. როგორც ვიცით, ომონმა გააჩერა აჩიკოს მანქანა. მას წინააღმდეგობა არ გა­უწევია, ხელბორკილები დაადეს და ცხინვ­ალის იზოლატორში გადაიყვანეს. სად გაუსწორდნენ, არ ვიცით, თუმცა შემოგვი­თვალეს, ოცი შეიარაღებული ჯალათი ერთ უიარაღო ქართველს უმოწყალოდ ურტყამდა და არჩილი წინააღმდეგობას უწევდაო. ძლიერი იყო, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგაც ვარჯიშობდა, ამიტომაც გამორიცხულია, კიბიდან ჩამოვარდნის გამო ან გულით გარდაცვლილიყო. გულს თუ ამოუღებდნენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში­ გაუჩერდებოდა. ვიცით, რომ ნაწამებია არაადამიანურად, გვითხრეს, ცეცხლსასროლი იარაღიც ესროლესო. საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიუყვანიათ, ექთანს უთქვამს, ასე უმოწყალოდ ნაწამები ადამიანის ცხედარი არასოდეს მინახავსო. როგორც გვითხრეს, ცხედარი ცხინვალის პროზექტურაშია, საექსპერტო ნიმუშები კი დე ფაქტო ადმინისტრაციამ როსტოვის კლინიკაში გადაგზავნა. არჩილის მამა ჩუმად ტირის, რომ არავინ დაინახოს მისი ცრემლები, ის ხომ გმირის მამაა და სახელმწიფოებრივად აზროვნებს – ხეობაში პროვოკაცია ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ამიტომაც მაქსიმალურად ვარიდებთ თავს ყოველგვარ სპეკულაციასა თუ პროვოკაციას. მეგობრებიც თავის შეკავებას ვცდილობთ, – გმირებს არ გლოვობენ, მათ გმირულ საქმეს ჰბაძავენ. ვამაყობთ, რომ არჩილი ჩვენ გვერდით ცხოვრობდა, მან ვაჟკაცობის მაგალითი მოგვცა. მთავარი ის კი არ არის, რამდენი წელი ვცოცხლობთ, მთავარია, როგორ ვიცხოვრებთ“, -აცხადებს ლევან შერმადინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები